პროექტის  მონაწილეებმა  ნახეს გიორგი  ოვაშვილის  ფილმი ,,სიმინდის  კუნძული". ფილმისგან  მიღებული  შთაბეჭდილებები მათ  ჩანახატებში გადმოცეს.


***
,,გამარჯობა,  აფხაზეთო,   შენი...“

 მე  აფხაზეთის  დაკარგვის  შემდეგ დავიბადე... მე  არასოდეს  დამიდგამს ფეხი  აფხაზეთის  მიწაზე... არც  სოხუმში  ვყოფილვარ,  არც გაგრაში... პირველად  როდის  გავიგონე სიტყვა  აფხაზთი  არც  ეს  მახსოვს...
ალბათ, მშობლების  მოსწავლეობის  ალბომს  რომ  ვათვალიერებდი, მაშინ  მითხრეს-ეს  აფხაზეთში გადაღებული  სურათებიაო. ძალიან მიყვარდა  მათი  ნახვა. დავჯდებოდი  და  საათობით ვუყურებდი. ზოგი  სოხუმის  ბოტანიკურ  ბაღსა  და  მაიმუნთსაშენში  იყო  გადაღებული, ზოგი - რიწის  ტბაზე, ზოგი - ახალ  ათონში...  ზოგი -ზღვასა  და  ზოგი - მთაში...
მერე  ის  კლიპი  იყო, გალაკტიონის  ლექსზე  დაწერილი სიმღერის  კლიპი:
,,გამარჯობა, აფხაზეთო, შენი, ლურჯო მთებო, თეთრო  სანატორია“...
მერე ნუგზარ  შატაიძის საოცარი  მოთხრობა  ,,მოგზაურობა  აფრიკაში“ ვისწავლე. ფილმოც  ვნახეთ ,,გაღმა  ნაპირი“.  ასე  მეგონა ბიჭთან ერთად  გადავიპარე  ენგურის  ხიდზე და  ტყვარჩელში  ჩავედი..
ახლა  პროექტია ,,ფსოუზე  არეკლილი  ვარსკვლავებად“ ... ვცდილობთ  ყველაფერი  გავიგოთ  აფხაზეთზე...  გუშინ  ,,სიმინდის  კუნძული“  ვნახეთ...  დღეს ზაზა ურუშაძის  ,,მანდარინებსაც“   ვუყურე...
და  ასე თანდათან ავივსე  აფხაზეთით...                                   
***
,,ჩემი  ზღვა  და  მიწა  დამიბრუნე,  ღმერთო!..“
ანაკლია...                                                                                                                                                             ჩამავალი მზის  სხივებით   გამთბარი  ზღვა...
- ზღვაოოოო, ჩემი  სურვილები წაიღე  აფხაზეთში! - ეჩურულება პატარა  გოგო ზღვას.                        - რა  სურვილები  გაქვს, პატარა  ქალო? - ხმა  დაიდაბლეს ტალღებმაც.                                                           - უამრავი  სურვილი   მაქვს,ზღვაო, მაგრამ  ყველაზე  მეტად ერთი  ოცნების  ასრულება მინდა, ზღვაოოო!- ისევ  ჩურჩულებს  გოგო.                                                                                                                                                - თუ  შემიძლია რამეთი დაგეხმარო, მე  აქა  ვარ! - გრძელი  მკლავები  გაშალეს  ტალღებმა.                        - შენ  შეგიძლია ჩემი  დახმარება, ზღვაოოო!                                                                                                       - მითხარი, პატარავ, მითხარი! - ეჩურჩულება  და ელამუნება ზღვის ტალღები გოგოს.                         - აფხაზეთის ნახვა  მინდა, ზღვაოოო! - უთხრა  გოგომ  და გამომცდელად  ჩახედა  ზღვას დიდ, ზურმუხტისფერ  თვალებში.                                                                                                                         ზღვამ  თვალი  აარიდა  გოგოს...   დამნაშავესავით უკუიქცნენ  ტალღები...
ცრემლები გადაყლაპა პატარა  გოგომ და  გულდაწყვეტილმა  გაიხედა სანატრელისკენ... შორიდან  ისმოდა  -  ,,ჩემი  ზღვა  და  მიწა  დამიბრუნე,  ღმერთო!..“


                                                                              ***
,,მე  დავბრუნდები, ტკივილებს  წავშლი...“
მჯერა, რომ  დადგება ბედნიერი  დღე...
ბედნიერი  კი  არა,  უბედნიერესი  დღე...
დღე  კი  არა,  დღე-სასწაული ...
დღე მზიანი, კაშკაშა, ელვარე...
დღე  დიდი  ხნის ნანატრი  და  ნაოცნებარი...
სულში  მზეჩამდგარი  ქართველები ერთად დააგუგუნებენ ,,მრავალჟამიერს“  ბედიის ტაძრის  კარიბჭესთან...
მეგრულ-აფხაზური სულზე  უტკბესი  ჰანგები გაუთბობენ გულებს უმზრახ  ძმებს...
იქნება  ცრემლი  და  სიცილი, სინანული  და  სიხარული...
გრძნობათა  ბობოქარ  მორევში ჩაიძირებიან  დაბრუნების სიხარულით  ოცნებაახდენილი  ქართველები...
მხოლოდ  ზღვა  იქნება მშვიდი, გრძნობადაცლილი....
მეც  დავბრუნდები...
ზღვას  დავუჩოქებ...
დარდს  არ  გავუმხელ, როგორც  ყოველთვის...
არც ოცნების  ახდენაში  ვთხოვ  დახმარებას..
არც  ის  იბრუნებს  პირს  შერცხვენილად...
-ზღვაო მოვედი,  დრომ  ამიხდინა დიდი  ოცნება! - შევძახებ  და ყველა  ტკივილს  გავატან... თან  ვთხოვ  რომ შორს, შორს ,ზღვის  ფსკერის  ყველაზე  ღრმა  უფსკრულში ჩამარხოს  ეს  ტკივილები,  ზედ  მძიმე  ლოდიც  დააფაროს, რომ  არვინ არასდროს  არ  გამოცადოს იგი...

                                                                                                                           თათია გაბუნია



                                                                                             
           ბოლომდე ვერ ვთქვი  სათქმელი...
აფხაზეთი  ჩემი  დედულია. დედა  სოხუმელია. აქამდე  არასოდეს  ჩავძიებულვარ და  არ  დამისვამს  დედიკოსთვის  კითხვები აფხაზეთზე,რადგან  ასე  მეჩვენებოდა,  რომ დედა  სევდით ივსებოდა  აფხაზეთის  ხსენებაზე.  არ  მინდოდა  დედას  გული  ტკენოდა...მაგრამ  ამ  ფილმის  ნახვის  შემდეგ, ვეღარ  გავჩუმდი...
 ისე  ვიყავი დამუნჯებული  ფილმის  მთავარი  გმირებივით, ეს უკვე  აუტანელი  იყო  ჩემთვის...
 მტკიოდა, ძალიან  მტკიოდა  რაღაც...
გული?... სული?.. სხეული?..    -   ყველაფერი  ერთად  მტკიოდა...
ბოლოს ვიტირე, ხმამაღლა  ვიტირე,  დედას  ჩავეხუტე  და  მივხვდი, რომ  ჩემი  დედულეთი  მტკიოდა!
თურმე დედასაც  დარჩენია  სოხუმში  საყვარელი  სათამაშო - გრძელთმიანი  დედოფალა...
დედამაც  გაიხსენა  როგორ დაეხმარა მის  ოჯახს  სამშვიდობოს  გამოღწევაში  აფხაზის  ოჯახი...
დედამ  ისიც  გაიხსენა, როგორ  აარიდა  თვალი აფხაზმა თანაკლასელმა..
ძალიან  ტკივილიანი  ფილმია!
იმ ტყვიისა  და  თოჯინას მსგავსად  რამდენი  ტკივილი და სიხარული დამარხა ომმა...
წვიმამ,  სეტყვამ და  წყალდიდობამ დაშალა სიმინდის  კუნძული,  ისე  როგორც  ჩვენი საცოდავი  ქვეყანა  გაამესამედა  სხვადასხვა სჯულის მოძალადეთა  თავდასხმებმა.
როგორც  იქნა   გადაიარა წყალდიდობამ, გამოჩნდა მიწის  ნაგლეჯი,  რომელშიც  დამარხული თოჯინა, როგორც სიკეთის  სიმბოლო, იპოვა  ადამიანმა.
ალბათ, წყლის  დონეც  დაიკლებს,  ნელ-ნელა  ამოიზრდება  წყლიდან  კუნძული  და  ამჯერად   ერთად დათესავენ   ზედ ქართველები  და  აფხაზები    სიკეთის  მარცვლებს...



                                                                                                                     მარიამ კეპულაძე





Комментарии

  1. Этот комментарий был удален администратором блога.

    ОтветитьУдалить
  2. Этот комментарий был удален администратором блога.

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога